მთავრობა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება. ამ დღისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს.
ექსპერტების შეფასებით, ეს თანხა არ არის კოლოსალური თუმცა პრობლემა იმაშია, თუ რა გზებით ხარჯავს ხელისუფლება ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს.
კერძოდ, კორუფციის მკვლევარი ორგანიზაციების ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები ამჯერადაც უტენდეროდ, პირდაპირ შეისყიდიან მომსახურებას, რაც კორუფციულ რისკებს შეიცავს. მათივე ცნობით, 19-მა სახელმწიფო ორგანომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს რათა ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვები განახორციელონ.
"შეიძლება ამისთვის მუნიციპალიტეტები და ცენტრალური მთავრობა მოემზადოს რამდენიმე თვით ადრე, ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ტენდერები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ უფრო იაფ ფასში მიიღებ უფრო ხარისხიან პროდუქციას და გააკეთებ გარკვეულ კონკურენციას. როდესაც არ აკეთებ ამას და პირდაპირ აკეთებ შესყიდვებს, ეს აჩენს ეჭვს, რომ პირად ინტერესში შედის, შემდეგ კონტრაქტები გაუფორმო იმ კომპანიებს, ვინც შენ გაწყობს", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ბესო ნამჩევაძე.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირი შესყიდვებისას მაღალჩინოსნებს აქვთ უფლებამოსილება, გადაწყვიტონ, რომელ კომპანიას გაუფორმებენ მილიონობით ლარის ხელშეკრულებას. წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს სწორედ ისეთი კომპანიები იღებენ, რომლებიც მმართველ გუნდთან არიან დაკავშირებული.