საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებელი მედია პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას ულოცავს; სხვადასხვა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლები რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და ამ ფრომით ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, "მთავარი არხის" დამფუძნებელს მიულოცეს.
სპონტანურად დაგეგმილი აქციიდან ნიკა გვარამიას "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა და მეგობრებმა მიმართეს:
"ნიკასაც და ჩვენს მოქალაქეებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ნიკას, გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. რუსთაველის გამზირზე გამოვიარე, ევროპისკენ - ასეთი სლოგანი ეწერა და ვისურვებდი რომ მართლაც ევროპისკენ მივდიოდეთ და მართლაცა, როგორც ევროპულ დემოკრატიას შეეფერება, პოლიტიკურ პატიმრები არ გვყავდეს ამ ქვეყანაში" - ამბობს "მთავარ არხის" ჟურნალისტი, "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი მიხეილ სესიაშვილი.
"ეს არის დღე, რომელიც დიდი დღესასწაული უნდა იყოს მთელი ქვეყნისთვის და არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ დადგეს 26 მაისი როდესაც საქართველოში იქნება პოლიტპატიმრები - პოლიტპატიმარი პრეზიდენტი, პოლიტპატიმარი კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი ...არ იმსახურებს ეს ქვეყანა, რომ 30 წელი ერთსა და იმავე პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ; მოდი, მიშათი დავამთავროთ და ნიკათი დავამთავროთ და წინ წავიდეთ, ქვეყანა წინ წავიყვანოთ" ამბობს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი