აუდიტის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გაფორმებულ ხელშეკრულებებში დარღვევები აღმოაჩინა. საქმე ეხება იმ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლებსაც უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების გამოკვება ევალებოდათ.
დასკვნაში წერია, რომ სიღნაღის მერიას 2 კომპანიასთან აქვს ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული და ზარალი ჯამში დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენს.
დასკვნაში საუბარია, რომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი მცირე ულუფა კიდევ უფრო შემცირებული იყო, ვიდრე ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დარღვევებია აღმოჩენილი საკვების ხარისხსა და მომზადებაში. აუდიტის სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო მუნიციპალიტეტის მერიაც, თუმცა სიღნაღის თვითმმართველობამ სავარაუდო დანაშაულზე თვალი დახუჭა და კომპანია არც კი დააჯარიმა.
ოპოზიცია კი სავარაუდოდ კორუფციაზე საუბრობს, რომელშიც მათი თქმით, სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნები არიან ჩართული. ოპოზიცია აუდიტის დასკვნაზე პროკურატურის მხრიდან გამოძიებას ითხოვს.
უკმაყოფილოები არიან თავად სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც. საუბარია 184 ადამიანზე, რომლებიც ამბობენ, რომ საკვები უხარისხო იყო, მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია
"გვეუბნებიან, რომ გარდა იმისა, რომ ცოტას ვღებულობთ, უხარისხოს ვღებულობთო, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ იყო კორუფციული სქემა, რომელიც ვერც ერთმა ვერ შეწყვიტა და ეს საკითხი არის თაროზე შემოდებული" აცხადებს სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი ბაჩაკაშვილი.
სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მას აუდიტის დასკვნა წაკითხული არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული პრობლემები მართლაც იყო. ილია ხატაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბენეფიციარებმა სიღნაღის მერიას ამ პრობლემით მიმართეს:
"იყო უკმაყოფილება როგორც მე გავიგე. გარკვეულ ბენეფიციარებს არ მოსწონდათ საკვები, თითქოს რაღაც ცხიმი არ უყო სათანადო დონეზე რაც შეეხება იმას, რომ ვინმე შემოსულიყო ჩემთან საკრებულოში ან ოფიციალური განცხადებით, ან თითონ ბენეფიციარებს პირადად დაეყენებინათ ეს საკითხი, ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა" აცხადებს ილია ხატაშვილი