ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული უცხოელები სავარაუდოდ, თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ.
ისინი თვეებია მუშაობენ, თუმცა კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. ამბობენ, რომ დავალიანება ასობით ათასი ლარია, რის გამოც ახლა ქვეყანას ტოვებენ, თუმცა მათი ნაწილი ამასაც ვერ ახერხებს, რადგან სახლში წასასვლელი ფული არ აქვთ.
საუბარია თურქული კომპანიის 70-მდე თანამშრომელზე, რომელიც ჩინურმა კომპანია China State Construction-მა ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში დაიქირავა. კომპანიის თანამშრომლები თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, თუმცა მოულოდნელად ჩინურმა კომპანიამ მათ ხელშეკრულება გაუუქმა.
"ჩვენ აქ ვმუშაობთ, ამ კომპანიაში, მაგრამ ფულს არ გვიხდიან. მათ კონტრაქტები გაგვიუქმეს, მაგრამ მაინც არ გვიხდიან. მეუბნებიან, რომ არ გადაგიხდიან და შემიძლია სასამართლოში წავიდე, 130 000 ლარი აქვთ გადასახდელი კიდევ ხელი აქვთ მოწერილი, რომ 500 000 ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ მაინც არ მიხდიან. ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში და ამიტომ ვერ მუშაობენ და ასრულებენ სამუშაოს დროულად. მე 35 თანამშრომელი მყავდა ნაწილი თურქეთში გავუშვი და ნაწილი აქ ელოდება ფულს", - თქვა თურქული კომპანიის მენეჯერმა, მუსტაფა ერდოღანმა.
კომპანიის წარმომადგენლები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უცხოური იყო, სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებაზე მიმდინარეობდა, რაზეც ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.