დამოუკიდებელი ექსპერტები მესამე პრეზიდენტის სამედიცინო გამოკვლევას იწყებენ. ცენტრ "ემპათიას" მედიკოსები კლინიკა "ვივამედში" ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და ფსიქიატრები გაეცნობიან ჩატარებული კვლევების, ანალიზების და მკურნალობის სქემას, რის შემდეგაც დამატებით გამოკვლევებს თავად დანიშნავენ.
"დღეს დაიწყება ექსპერტიზის ნაწილი, რასაც ჰქვია ადგილზე პაციენტის შემოწმება და გასინჯვა. შესაბამისად, გავეცნობით კიდევ ადგილზე სხვა დამატებით დოკუმენტაციას და შემდგომში გადავწყვეტთ, რა ფორმატით გაგრძელდება ექსპერტიზა", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.
ის არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ.