მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარასა და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი, არაკომერციული ანალიტიკური ცენტრი, World Experience for Georgia ავრცელებს.
ცენტრის კვლევის სახელწოდებაა "რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში"
კვლევის ძირითადი მიმართულებებია:
- რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით;
- ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები;
- რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა;
- ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე.
კვლევაში წერია, რომ რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მცირეა და ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს არ აღემატება.ამასთან, ბუნებრივი გაზის წილი 2019 წლამდე 8%-ს არ აღემატებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა.
მათი ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე მინიმალურია. აზერბაიჯანი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში გაზმომარაგებას.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ცენტრის ცნობით, საქართველოში ნავთობპროდუქტების 27.1% რუსეთიდან შემოდის (2020წ). იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, დეფიციტის დაბალანსება სხვა ქვეყნების ხარჯზე არის შესაძლებელი.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსული ენერგეტიკული რესურსების იმპორტის ზრდის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს საკუთარი გაზსაცავი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმო სჭირდება.