რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები - ბოლო 5 წელში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ჯეო-პარკს გარე ტრენაჟორების შესაძენად 26 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. ირკვევა რომ რუსეთის დასანქცირების მიუხედავად, რუსული კომპანია ქართველი მაღალჩინოსნებისთვის აქტუალობას არ კარგავს.
ფლეისთეიშენით თამაშისთვის ისნის გამგეობამ 23 მაისს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ისნის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი მზად იყო 20 000 ლარი დაეხარჯა - FIFA 2022 ფლეისთეიშენ ხუთი - შეჯიბრებისთვის.
რაში დასჭირდა ისნის გამგეობას თამაში, ამის გასარკვევად ნიკა ელისაშვილს სამსახურში მივაკითხეთ, იქ არ დაგვხვდა, მოგვიანებით პასუხი წერილობით გაგვცეს და ჩემპიონატის გამართვის აუცილებლობა ისნის ახალგაზრდების დაჟინებული მოთხოვნით ახსნეს.
ტენდერისთვის წინადადებების მიღება 29 მაის დასრულდა, მაგრამ მონაწილეობა ვერავინ მიიღო, შესაბამისად ვაჭრობა არ შედგა. ეს ალბათ მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ბაზარზე ალბათ არ არსებობს კომპანია, ვინც ისნის გამგეობას ფლეისთეიშენის სათამაშოდ სერვის შესთავაზებდა. ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებას უყენებს ბესო დონაძე ისნის გამგებელს.
კიდევ ერთი სახელმწიფო შესყიდვით გაკეთებული პროექტი - ეკლესიიდან 2 მეტრში ქარელის მერიამ გარე ტრენაჟორები 25 ათას ლარად დაამონტაჟა. ამ ტიპის თითქმის იდენტური ტრენაჟორები საქართველოს ხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში გვხვდება. როგორც ირკვევა, ყველა რუსული წარმოებისაა და ის საქართველოში კომპანია "ჯეო პარკს" უკვე წლებია შემოაქვს.
რუსული ტრენაჟორებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა 2017-2022 წლებში 28 მილიონ 5 ათასი ლარი დახარჯა. რაც შეეხება კომპანიის უკონკურენტო ტენდერებს - 275 ათასი ლარის ღირებულის კონტრაქტები კომპანიამ უკონკურენტოდ მიიღო, სანაცვლოდ კი მხოლოდ 11 ტრენაჟორის დამონტაჟება დაევალა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი საქართველოს საჯარო უწყებებმა ჯეო პარკს რუსულ ტრენაჟორებში 737 ათას 500 ლარი უკონკურენტო ტენდერის მეშვეობით გადაუხადეს.