საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, "IDS ბორჯომი -საქართველოს" ადმინისტრაცია აშინებს და ემუქრება თანამშრომლებს, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ.
გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე თანამშრომელი ქარხანაში, სავარაუდოდ, პოლიციის ჩაბურულმინიანი შკოდებით შეიყვანეს.
"ეს გაფიცვის მე-7 დღეა და ჩვენ გავაგრძელებთ გაფიცვას მშვიდობიანად. ადმინისტრაციის ნაწილი გადმოვიდა ჩვენ მხარეს, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი 4-5 ადამიანი (ტოპ-მენეჯმეტი) შევიდა და ჩვენ არ დაგვიშლია. არის ინფორმაცია, რომ "IDS ბორჯომი -საქართველოს" ადმინისტრაცია აშინებს, ემუქრება დასაქმებულებს, თუ არ შევლენ სამსახურს დაკარგავენ და პოლიციის ჩაბურულმინებიანი შკოდებით ცდილობენ, შიგნით შეიყვანონ. პოლიცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მოვუწოდებთ დაინტერესდნენ იმ ადამიანების მიმართ მუქარით, შანტაჟით, რომლებსაც აიძულებენ, შევიდნენ ჩაბურულმინიანი შკოდებით, თუ ეს სიმართლეა",- ამბობს პროფკავშირების წარმოამდგენელი, გიორგი დიასამიძე.
3 საათზე მეტია, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა სრულად პარალიზებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც სხვა დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან.
საგანგებო მობილიზება აქვს გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაფიცულ მუშებს პიკეტის მოსახსნელად დრო მისცეს. ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება: დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ხელმძღვანელი.
გაფიცული თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს. კომპანიაში დასაქმებულებს 2 თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ.