იმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც - ასეთი განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.
ნინო ლომჯარია დღეს ადგილზე ჩავიდა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ისმენდა გაფიცულების პრობლემებს.
ლომჯარიას თქმით, იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები და ამ საქმეს სახალხო დამცველის ოფისი სწორედ ამ კუთხით შეისწავლის:
"მე მათგან მოვისმინე ისეთი მაგალითები, რაც შეიცავს აშკარად დისკრიმინაციის ნიშნებს. ადამიანებს, რომლებსაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია არ უხდის იმის მიხედვით, თუ ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში. საუბრობენ, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე" - თქვა ლომჯარიამ
პარალელურად, პროფკავშირები ამზადებს მუშების კოლექტიურ სარჩელს, რომელსაც უახლოეს დღეებში შეიტანენ სასამართლოში.
შეგახსენებთ, უკვე 10 დღეა ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხანა პარალიზებულია, მედიაციის პროცესი რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ.