სუს-ის გამოჩენა იყო პროვოკაცია... ვინმეს ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა | თსუ-ის სტუდენტების განცხადება 

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა პროტესტი გრძელდება - უცვლელია მოთხოვნებიც: გამოცდების ონლაინ ჩატარება, ღირსეული საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა და რექტორის გადადგომა. 

სტუდენტები გიორგი შერვაშიძის სამუშაო კაბინეტში რჩებიან. გუშინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. დაპირისპირების დროს უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა. 

სტუდენტების თქმით, კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. ისინი ამბობენ, რომ ძალის გამოყენება მათი მხრიდან არ იყო მიზანმიმართული და ძალადობას თავადაც გმობენ. 

"თსუ-ის მოთხოვნით, უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მობილიზებული იყო არაერთი შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟი. მათთან ერთად სუს-ის წარმომადგენელთა გამოჩენა იყო პროვოკაცია და ჩვენი დაშინების მცდელობა. სიტუაციის გამწვავება გამოიწვია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, რამაზ ხომერიკის გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა რექტორის კაბინეტს. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება",- ამბობს სტუდენტი სოფო მალაშხია. 

სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარება, რაზეც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადებაში თქვა, რომ გარკვეულ რეგიონებში საგამოცდო ცენტრები გაიხსნა და გამოცდების ჩაბარება ამ სივრცეებშიც იქნება შესაძლებელი. ადმინისტრაციის ცნობით, თუ სტუდენტი ქირას ვერ იხდის, მათ საშუალება ექნებათ, უფასოდ იცხოვრონ საუნივერსიტეტო საცხოვრებელში.

ცნობისთვის, თსუ-ის სტუდენტების პროტესტი უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი