დიღმის მასივში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ერთი ახალგაზრდა. რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამომძიებლებს და ჰყავს თუ არა უკვე პოლიციას იდენტიფიცირებული დამნაშავეები, ჯერჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე არცერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი დაჭრილი 35 წლის ჯუმბერ მშვენიერაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფება. მას მძიმე ჭრილობა ჰქონდა მარჯვენა ბარძაყის არეში, არსებობდა ფეხის დაკარგვის საშიშროება, მაგრამ ექიმებმა კიდურის შენარჩუნება შეძლეს.
"საღამოს 9 საათვისთვის შემოიყვანეს 35 წლის მამაკაცი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში. სავარაუდოდ, დიდი სისხლდანაკარგით, მარჯვენა ბარძაყის ჭრილობით. დაზიანებული იყო მრავლობითი სისხლძარღვები, მათ შორის მაგისტრალური. გადაკვეთილი იყო კუნთები ბარძაყის უკანა მხარეს და საჯდომი ნერვიც კი იყო გადაკვეთილი ნაწილობრივ. ყველა სტრუქტურა იქნა აღდგენილი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს ქირურგი ირაკლი ფერაძე.
შემთხვევა გუშინ ღამით დიღმის მასივში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება, რომელშიც 10-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, სისხლიანი გარჩევით დასრულდა და 2 ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. მომხდარზე უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
ამავე თემაზე: