ტყიბულის მე-7 საჯარო სკოლა 2018 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. შენობის ეზოში დასაწყობებული მასალის ნაწილი და დარაჯია დარჩენილი. ეზოში, სადაც წესით სკოლის ზარი უკვე მეორე წელია უნდა ირეკებოდეს თხები დარბიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი სკოლის მოლოდინში ბავშვები უკვე წლებია კილომეტრების მოშორებით დადიან. სკოლამ ალტერნატიული ფართი ძველი საამქროს შენობაში მოაწყო, სადაც საგაკვეთილო პროცესი გამართულად ვერ ტარდება.
ტყიბულის მე-7 საჯარო სკოლის ასაშენებლად ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა. სამუშაოებისთვის სკოლის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ტენდერში შპს "ხუასინის" სამშენებლო კომპანიამ გაიმარჯვა და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. პირველ ეტაპზე კომპანიამ ავანსად მილიონ ლარზე მეტი მოითხოვა. ამის შემდეგ თანხა კიდევ დაუმატეს, რაც საერთო ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი აღმოჩნდა. ახლა მშენებლობის ხარისხს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს. ტენდერი შეწყვეტილია და ტყიბულელი მოსწავლეები ახალი ტენდერის გამოცხადებას ელიან.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ კომპანიებთან გარიგებულია, ტენდერებში ამარჯვებინებს და შემდეგ თანხას იყოფენ, შედეგი კი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შემთხვევაში იგივეა, რაც ტყიბულის მე-7 სკოლაში.
ახალი ტენდერი გამოცხადებული ჯერ არ არის. ის, რაც კომპანიამ შეასრულა დაუსრულებელია, ბიუჯეტიდან კომპანიამ კი შეუსრულებელ სამუშაოში სამ მილიონამდე ლარი მიიღო. დაუსრულებელი შენობა ტყიბულს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდა, ადმინისტრაციაში არ პასუხობენ, რა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს ალტერნატიული ფართის ქირა და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. რამდენიმე დღეში კი ბიუჯეტიდან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფასურიც უნდა გამოიყოს.