"არ ვატარებთ ღირსების მარშს... მოვითხოვთ, მთავრობამ განაცხადოს, რომ დაიცავს კვირეულის სამივე ღონისძიებას"​ - Tbilisi Pride

გამოქვეყნდა:

Tbilisi Pride მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, პრაიდის კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყოს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარს ამბობენ ღირსების მარშის ჩატარებაზე და ყველა დაგეგმილი ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება "ალტ-ინფო" 5 ივლისის განმეორებით საჯაროდ იმუქრება.

"წელს ძალიან შეგნებულად და გააზრებულად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საზოგადოების პოლარიზაციისა და განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე, არ ვატარებთ ღირსების მარშს, პრაიდკვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პრორუსული და ძალადობრივი პარტია ალტ-ინფო, ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმევა თავს და გაიმეორებს 5 ივლისს. მოვითხოვთ, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოს საჯარო წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებსა და მთელს ქალაქში. ჩვენი მეორე მოთხოვნაა, დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო, თბილისი პრაიდს ღირსების მარშის გაუქმება მოუწია. გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. გარდა ამისა, დაარბიეს "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისები. ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისას, მძიმე დაზიანებები მიიღო "TV პირველის" ოპერატორმა, ლექსო ლაშქარავამ. ის რამდენიმე დღეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი