ლადო აფხაზავა, რომელიც სახალხო მოძრაობაშია ჩართული და მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას ეწევა, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობა კეთილგანწყობილია და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უჭერს მხარს. იმ დაპირისპირებებზე კი რაც "ოცნების" პარტაქტივიდან მოდის, აფხაზავა ამბობს, რომ ცდილობენ ყურადღება არ მიაქციონ:
"არის სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც იყვირებენ, იყვირებენ, დაიღლებიან და შემდეგ მიდიან. როდესაც წავლენ მერე ვიწყებთ მუშაობას. ასე, რომ ძალიან კარგი შემართებით, არავისთან ჩართვა არ გვჭირდება, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ სახალხო მოძრაობას წარმოვადგენთ" ამბობს აფხაზავა "დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას.
აფხაზავა სახალხო მოძრაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოშია. ის ზუგდიდის ბაზარში არიგებდა საინფორმაციო ფლაერებს - რა სარგებელი მოაქვს ევროპას, თუმცა მოწინააღმდეგეები იქაც გამოჩნდნენ, ისევე როგორც სხვა რეგიონებში.
უკვე 2 დღეა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლიან. ვითარება დღეს თსუ-ს მაღლივ კორპუსში გამწვავდა, როდესაც "ოცნების" პარტაქტივი უკვე სტუდენტებს დაესხა თავს.