შვიდი არასრულწლოვანი ბაბუასთან და დედასთან ერთად ორთვლიან, ფარღალალა ფიცრულში ცხოვრობს. შენობას სახურავი თითქმის არ აქვს, წვიმის დროს საწოლებს ანაცვლებენ და ჩამოსულ წყალს ვარცლებში აგროვებენ, რადგან მარტოხელა დედამ სენაკში ბინის ქირა ვერ გადაიხადა, შვიდ შვილთან ერთად აბაშაში მამის ფიცრულში დაბრუნდა.
სოფო ჯიბლაძე დილიდან საღამომდე მუშაობს, და-ძმებს ელენე პატრონობს და ბაბუასაც ეხმარება. ელენე ალაგებს, ამზადებს მეზობლების მიწოდებული პროდუქტებით სადილს და ოჯახის სხვა წევრებს ისე უნაწილებს, რომ საკვები მეორე დღესაც ჰქონდეთ.
დედა დამლაგებლად მუშაობს. მისი ყოველდღიური ანაზღაურება ორი-სამი ლარია. სოფო შვიდ შვილსა და მამაზე ამ მცირე შემოსავლითა და სოციალური დახმარებით ზრუნავს. ამბობს, რომ მეუღლეს ექვსი წლის წინ გაშორდა, რადგან მასზე სასტიკად ძალადობდა.
სოფოს ერთადერთი სურვილი აქვს, უნდა რომ შვილებთან ერთად მშვიდად, უსაფრთხო გარემოში იცხოვროს და ელემენტარული საჭიროებით ბავშვების უზრუნველყოფის საშუალება ჰქონდეს. ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა არავინ დახმარებია.
სოფოს ოჯახი ერთადერთი არ არის - ნანული მიქავას, რომელიც ამ დასახლებაში მეუღლესთან და მცირეწლოვანებთან ერთად ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ ფიცრული დაენგრა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და ისინიც დაეხმარნენ, ამბობენ, რომ ეს დახმარება დამამცირებელთან ერთად, სასაცილოა.
დასახლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმართვას აზრი არ აქვს. მათ არც ერთჯერადი დახმარება მიუღიათ და არც საცხოვრებლების გამაგრებისთვის საჭირო მეორადი მასალა. ფიცრულებს საკუთარი ძალებით ამაგრებენ და პენსიის გამოზოგვას ცდილობენ.
მათ მეზობლად კიდევ ერთი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს. მოხუცი 25 წელია საწოლს არის მიჯაჭვული, სიმსივნე აქვს, ხელით მოსავლელია, რის გამოც მისი ვაჟი ვერ მუშაობს. ოჯახს მხოლოდ სოციალური დახმარება აქვს. ამბობენ, რომ მერიას დახმარება სთხოვეს, მარინა ზარანდია აბაშის მერმა მიღებაზეც დაიბარა, თუმცა, როცა ქალმა ორი ფიცარი და ერთჯერადი დახმარება სთხოვა, კაბინეტიდან გასასვლელი კარისკენ უხეშად მიუთითა.
აბაშის ამ კომპაქტურ დასახლებაში ათი მოხუცი და 17 ბავშვი ცხოვრობს. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია. ნაწილი დახმარებას საერთოდ ვერ იღებს, რადგან რეგისტრირებული არ არის. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბავშვები სკოლაში ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის უქონლობის გამო ვერ დადიან. აქ ფუფუნების საგნებს არავინ ითხოვს, მხოლოდ რამდენიმე ფიცარს კედლების გასამაგრებლად, რამდენიმე ნაჭერ თუნუქს სახურავების შესაკეთებლად და მცირე საკვებს, რათა ბავშვები და მოხუცები მშივრები არ იძინებდნენ.
ავტორები: ნინო კეკელია, ემა გოგოხია