სასულიერო პირების ცოდვებთან დაკავშირებით საპატრიარქოს მამა ანდრია სარიამ რამდენიმე კვირის წინ მიწერა. თუმცა, საპატრიარქო ამ დრომდე დუმს და კომენტარს არც წერილთან და არც „მთავარის“ ეთერში გასულ გუშინდელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით არ აკეთებს.
მღვდელმონაზონი ანდრია სარიას წერილი ილია მეორეს სამდივნოში 27 იანვარს შევიდა. სასულიერო პირი გზავნილში დეტალურად წერს იმ პრობლემებზე, რომელიც საპატრიარქოს შიგნით საკმაოდ ბევრია. მღვდელმონაზონი ანდრია წმინდა სინოდს მოუწოდებს, რომ ამხილონ სოდომურ ცოდვაში შემჩნეული სასულიერო პირები და ეკლესიის გაჯანსაღება შიდა წრეებში მოხდეს.
წერილის ერთი ეპიზოდი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებსაც ეხება. დოკუმენტის მეორე გვერდი იღუმენია თამარ გამყრელიძისთვის სასჯელის დადებით გადაწყვეტილებით იწყება. წერილის ავტორი სასულიერო პირი ფიქრობს, რომ დედა თამარს საპატრიარქომ განაჩენი თვითნებურად, ერთპიროვნულად და უკანონოდ გამოუტანა. თავად ზიარების უფლებაჩამორთმეული მონაზონი კი აცხადებს, რომ ეკლესია პატრიარქთან დაახლოებულმა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა პირად კანტორად გადააქციეს.
თეოლოგ გოჩა ბარნოვის შეფასებით, სინოდის დუმილს ერთადერთი მიზეზი აქვს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დიდი ნაწილი თავად არის იმ უკანონობის მოთავე და მონაწილე, რაზეც წლებია ჭყონდიდის ეპარქიიდან მისი ყოფილი მღვდელმთავარი ახმოვანებდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სინოდის დღევანდელმა შემადგენლობამ ეკლესიის წიაღი უნდა დატოვოს.
მღვდელმონაზონი ანდრია პრობლემური საკითხების შესწავლას სპეციალურ კომისიას სთხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრების შემადგენლობით საპატრიარქოში საბჭო უკვე დიდი ხანია არსებობს, მათი მხრიდან რეაგირება არასდროს მომხდარა. პატრიარქის გარემოცვიდან ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსები მამა ანდრია სარიას ბოლო წერილზეც დუმან, გუშინ „მთავარ არხზე“ გასული სკანდალური აუდიოჩანაწერის შემდეგაც, ფაქტია, რომ ლაპარაკი არ სურს, პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსაც.
ექნება თუ არა რეაგირება მღვდელმონაზონ ანდრია სარიას წერილზე საპატრიარქოს ამ დრომდე უცნობია, პატრიარქის სამდივნო „მთავარ არხთან“ კომენტარს არ აკეთებს. შესაძლოა, წერილზე საპასუხოდ ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღონ, თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მამა ანდრია სარია, სკანდალური განცხადებების გამო ქართული ეკლესიიდან საერთოდ განკვეთონ.