"ემპათიას" ექსპერტები დასკვნის გამოქვეყნებამდე მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტს ახორციელებენ

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდნენ. მედიკოსები სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ გაეცნობიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ბოლო ცნობებს მისი მკურნალი ექიმებისგან მიიღებენ.

ამის შემდეგ ექსპერტები საბოლოო მონაცემებს შეაჯერებენ და სამედიცინო დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

"წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, არსებითი გაუმჯობესება არ აღინიშნება და ჩვენი მოსაზრებით, კვლავ საჭიროებს დიაგნოსტიკას და შესაბამის მკურნალობას. თუ საჭირო იქნება კიდევ განვახორციელებთ ვიზიტს. ეს არის დამოკიდებული ექსპერტიზის მსვლელობაზე. რა თქმა უნდა მიდის ექსპერტიზა დასასრულისკენ. მიმდინარეობს შემაჯამებელი დასკვნების შეჯერება. ეს დასკვნა მიეწოდება როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე მის ადვოკატებს და შემდგომში წარიმართება სასამართლო", - თქვა "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა. 

კითხვების ჩამონათვალი ექიმებს უკვე გადაუგზავნეს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმაც. მას შემდეგ რაც დოკუმენტი ადვოკატების ხელში აღმოჩნდება, დაიწყება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის დროებით გადავადებაზე სასამართლო განხილვა. 

"საქართველოში მოქმედი არაერთი პროფესიონალი ამბობდა, მიხეილ სააკაშვილი დატოვება პენიტენციურ სისტემაში, მისი გამოჯანმრთელება საქართველოში არ არის რეალისტური და ის უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში. თუმცა, ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს არა სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტთან კლინიკაში იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია. ამასთან, ცოტა ხნის წინ "ვივამედში" მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი