უსინათლოთა კავშირის ყოფილი თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულები თითქმის ორი კვირაა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.
ისინი კავშირის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შეცვლას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
უსინათლოები აცხადებენ, რომ სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისედაც მიზერული ხელფასის განახევრება გააპროტესტეს.
"მიზეზები შეეხება 20-წლიან ერთპიროვნულ მმართველობასთან შედარებით განსხვავებულ აზრებს მიმდინარე პროცესებზე. ეს უკავშირდება ქონების უკანონო გასხვისებას... უნდა მომხდარიყო ხელფასების განახევრება, ან თანამშრომლების განახევრება, რასაც მოჰყვა ქალბატონი ცირას მხრიდან წინააღმდეგობა. ეს არის რევაზ მაისურაძე, რომელიც 2002 წლიდან პრაქტიკულად ერთპიროვნულად მართავს დღევანდელ მოქმედ თავმჯდომარესაც კი. მისი მითითების გარეშე, ვერავინ იღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს კავშირის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გიორგი ენუქიძე.
საკითხზე დროული გამოძიების ჩატარებას ითხოვს უსინათლოთა კავშირის კულტურისა და განათლების ცენტრის ყოფილი დირექტორი, ცირა ვეფხვაძე:
"თემა სენსიტიური რომ არის, ამას ნუ მოიმიზეზებენ, გამოიძიონ საქმე როგორც საჭიროა ისე და რაც შეიძლება სწრაფად. ეს უკვე მოწმობს, ამ გამგეობას არ აქვს არანაირი უნარი გადაწყვეტილების მიღებისა. რეზოს პირდაპირი მითითება არ ჩანს, მაგრამ აშკარად იგრძნობ. როგორ შეიძლება თავმჯდომარე მშვიდად იყოს, როდესაც ჩვენ მე-11 დღეა უკვე ხან სასწრაფოს ვიძახებთ, ხან ერთმანეთსვე ვასულიერებთ. როგორ შეიძლება?", - თქვა მან.
უსინათლოთა კავშირის ყოფილი წევრი, ლელა ვეფხვაძე კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და სთხოვს, საკითხით დაინტერესდეს:
"არავის მიუტანია გულთან და მე მართლა გული მწყდება. პირველ რიგში ჩემივე კავშირის ხელმძღვანელობისგან, იმიტომ, რომ ვითომ რაღაც ნაბიჯები გადმოდგეს, მაგრამ ისევ უკან დაიწიეს. არ აწუხებთ. ჩემ კავშირს ვთხოვ, გონს მოეგონ და რეალურად გადმოდგან ქმედითუნარიანი ნაბიჯი. მე ვთხოვ დახმარებას ჩემთვის საყვარელ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დამაჯილდოვა. არ ვიცი, რამდენად აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს საკითხში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ის, რომ გააჟღეროს გულისტკივილი, თუნდაც აგრძნობინოს ხალხს, რომ ჩვენ ვარსებობთ", - ამბობს ლელა ვეფხვაძე.
ცნობისთვის, უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულმა 13-მა პირმა უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში. საქმის განხილვა 1-ელ აგვისტოსაა ჩანიშნული.
მათი ადვოკატის განცხადებით, ყოფილი თანამშრომლების ხელფასი 200-400 ლარის ფარგლებში მერყეობდა და სწორედ ეს თანხა გაუნახევრეს მათ. ამ ფონზე კი გაიზარდა უსინათლოა კავშირის ხელმძღვანელებისა და გამგეობის წევრების ანაზღაურება.