საგანგაშოდ გაზრდილი მიგრაციის მაჩვენებელი | 1 წელში ქვეყანა 100 000-მა ქართველმა დატოვა

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა 99 974-ია.

წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 35%-ით მეტია.

წასვლის მიზეზად მოქალაქეები ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ასახლებენ.

"არ არის აქ არანაირი პერსპექტივა, რომ იმუშაოს ახალგაზრდამ. გოგონა მყავს, ფარმაცევტული დაამთავრა და ადგილს ვერსად შოულობს. ყველგან ნაცნობი უნდათ, ყველგან ფული უნდათ. ჩემი ახლობლები ზოგი იტალიაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგი პოლონეთში. ძალიან ბევრი. უჭირთ, საარსებო წყარო არ აქვთ", - ამბობს მოქალაქე. 

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, ეს კი ადამიანებს აიძულებს, ემიგრაციის რთული გზა აირჩიონ.

"ხალხს ურჩევნია, თავის ქვეყანაში იშოვოს სარჩო, ახლობლები არ მიატოვოს მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. სამწუხაროდ, ეს ციფრები უკვე საგანგაშოა, იზრდება. ეკონომიკურად ეს ათი წელი რომ არ დაგვეკარგა, ზრდა რომ გვქონოდა და განვითარება ყოფილიყო, სამართლიანი საზოგადოება რომ გვქონდეს უფრო, ვიდრე გვაქვს, სასამართლომ რომ მუშაობდეს და ის განწყობა რომ არ იყოს, რომ თუ ქართულ ოცნებასთან ახლოს არ ხარ, წარმატება ვერ გექნება, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი არ წავიდოდა", - თქვა ექსპერტმა, გიგა ბედინეიშვილმა.

საქსტატი იმ ადამიანების რაოდენობასაც აქვეყნებს, რომლებმაც შენგენის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიმართეს. ასეთი დაახლოებით 15 ათასი ადამიანია. მათმა დიდმა ნაწილმა თავშესაფარი საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი