ხმაურია გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას ცდილობენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მოვაჭრეებს საქმიანობის საშუალებას არ აძლევს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი.
"გორის მერიამ რამდენიმე კვირის წინ დაურიგა გამაფრთხილებელი წერილები თითოეულ მათგანს, გარემოვაჭრეებს და გავაფრთხილეთ ჩვენ, რომ არ შეიძლება აქ დგომა, უნდა წასულიყვნენ. ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია, ჩაბინძურებულია ყველაფერი, არის ქალაქის ცენტრი, ტრასაზე უწევს მოსახლეობას სიარული, რაც საფრთხეს წარმოადგენს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მათ ახალი ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლას. მეპატრონემ, გივი ჯალაბაძემ შესთავაზა მათ და ყველა მხარში დაუდგა, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმბოლურ თანხად მისცემს საშუალებას, რომ იმუშაონ. [...] როგორ არ დადის ხალხი, აბა ის ხალხი ვინც იქ ვაჭრობს, როგორ ვაჭრობენ მითხარით ერთი", - ამბობს შიოშვილი.
ის არ იზიარებს მოვაჭრეების პოზიციას, რომ წინასაარჩევნოდ მათ ვაჭრობის უფლებას მაინც აძლევდნენ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მაინც აპირებენ ვაჭრობა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს გაფრთხილება პროდუქციის ჩამორთმევის შესახებ.
ადგილზე არიან "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებიც. ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლებას პოლიტიკურად სჭირდება მსგავს საკითხებზე თვალს ხუჭავს და პარტია გარემოვაჭრეების უფლებებს დაიცავს.