გორი-ატენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი პარალიზებულია. გზა ადგილობრივებმა გადაკეტეს, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.
გზის რეაბილიტაცია 1 წელია მიმდინარეობს, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, პერიოდულად ჩერდება და პროექტის დასრულება ამ დრომდე არ მომხდარა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ გზა 1 საათზე მეტია პარალიზებულია, იქ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
"არავინ არაფერს აკეთებს, სამი წელიწადია ამ უბედურებაში ვართ. ვინ არის, სად არის ხელისუფლება, არ არიან. მგონი იტალიაშია წასული გამგებელი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც გზაზე ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ მივლენ, გზის გახსნას არ აპირებენ.