გორი-ატენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ორ საათზე მეტია პარალიზებულია - ხალხი ქუჩაშია გამოსული და იმ პრობლემების მოგვარებას ითხოვს, რომლის გადაჭრასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ პირდებოდა.
ატენში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც, თუმცა მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს საკითხი მერიის კომპეტენციაში არ შედის, რადგან გზის ამ მონაკვეთზე მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
"აღნიშნული გზის მონაკვეთი არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა-პატრონობის ქვეშ და ამიტომ, დეპარტამენტის წარმომადგენლებს უნდა დავუკავშირდე და გავიგო სიტუაცია", - თქვა ზვიად ანესაშვილმა.
მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ამბობენ, რომ სანამ ადგილზე კომპეტენტური პირი არ მივა და საკითხზე არ გაესაუბრებათ, საავტომობილო გზას არ გახსნიან.