კახეთში ვენახების მფლობელი, რომელის ტერიტორიაც მიხეილ ხუბუტიამ იყიდა, ამტკიცებს, რომ ჰექტრობით მიწა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოტყუებით გადააფორმებინა. მურად კიკნაძეს 20 ათასი დოლარი შვილის მკურნალობისთვის სჭირდებოდა და გაშენებულ ვენახებს იაფად ყიდდა.
მასთან მოლაპარაკებები მოქალაქე ნონა ჯანაშიამ დაიწყო და მიწაც მან იყიდა, მოგვიანებით კი, მურად კიკნაძემ აღმოაჩინა, რომ ჯანაშია ფიქტიური წარმომადგენელია და მისი მიწა რეალურად ხელში მიხეილ ხუბუტიამ ჩაიგდო.
მიხეილ ხუბუტიამ მურად კიკნაძისგან რამდენიმე ჰექტარი მიწა იყიდა, მიმდებარედ კი კიკნაძე კიდევ ფლობდა დამატებით ფართს, სადაც სახლი დგას. მიწის მფლობელი ამბობს, რომ ეს ტერიტორია ხუბუტიას არ მიყიდა, რადგან ფართი დაკანონებული არ ჰქონდა. თუმცა ახლა რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენი ცდილობს, მურად კიკნაძეს ეს ტერიტორიაც და სახლიც წაართვას.
მურად კიკნაძე ამბობს, რომ რეკეტის მსხვერპლია. რამდენიმე კვირის წინ თელავში, მის საცხოვრებელ სახლში ჩავიდა, თუმცა ხუბუტიას წარმომადგენლებმა გზა გადაუკეტეს და აღარ შეუშვეს, მიწის მფლობელს მოკვლით დაემუქრნენ, თუ კი ის ტერიტორიას არ დათმობდა.
მიხეილ ხუბუტიამ ამ ინციდენტის შემდეგ საქართველო დატოვა და მიწის ყოფილი მფლობელის ბრალდებებს არ პასუხობს. „მთავარი არხი“ ხუბუტიას წარმომადგენელთან ნონა ჯანაშიასთან იმის გასარკვევად მივიდა რატომ ართმევენ ტერიტორიას მის მფლობელს, თუმცა, ნონა ჯანაშიამ კითხვებს არ უპასუხა.
მიხეილ ხუბუტია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა, მხოლოდ მურად კიკნაძის მიწის ნაკვეთების არ არის დაინტერესებული. ნაფარეულში ყველა, ვისაც პატარა ტერიტორია აქვს, აპირებს, რომ მიწა რუსეთის მოქალაქეს მიყიდოს. მოსახლეობა ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს, რადგან უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც ჩანს, რუსეთის ჩინოვნიკებთან დაახლოებულ ხუბუტიას ნაფარეულში დიდი გეგმები აქვს და მიწების გადაფორმებაში მას ადგილობრივი ხელისუფლებაც ეხმარება.