გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება კი განათლების სამინისტროს სრულად უხსნის ხელს დისტანციური სწავლება გააუქმოს.
ღასან ხალილის შემდეგ სკოლების სრულად გახსნის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც გასცა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდ ინფექციის მეორე ტალღის მოლოდინის მიუხედავად, არსებული მოცემულობისა და ინფექციის მართვის სტატისტიკის გათვალისწინებით, სწავლის სრულად აღდგენა შესაძლებელია, თუმცა რეკომენდაციების მკაცრად დაცვა აუცილებელი.
ამის მიუხედავად, ხელისუფლება არც იუნისეფისა და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. მიხეილ ჩხენკელის უწყება პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და მას სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს აკისრებს. როგორც ირკვევა, საჯარო სკოლების უმრავლესობა სექტემბრიდან სწავლების შერეულ სისტემაზე გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსწავლეთა ნაწილი სასწავლო კვირიდან სამი დღე სკოლაში ივლის ორ დღეს კი საგაკვეთილო პროცესს ონლაინ დაესწრება.
ეს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა მაინც არის, როცა განათლების სამინისტრომ და ხელისუფლებამ სკოლის დირექტორებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. მიზეზი მარტივია, იმისათვის, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და "იუნისეფის" რეკომენდაციები სრულად დაიცვას და სწავლის პროცესი ტრადიციულ რეჟიმშ აღადგინოს, მას სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დამატებითი ფინანსების გამოყოფა და პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება მოუწევს. სწორედ ამიტომ , სამინისტრომ სკოლებს პრობლემის ისე მოგვარებისკენ მოუწოდა, რომ არც ხელფასები გაზარდოს და არც სველი წერტილების მოწესრიგებაზე იზრუნოს. თუმცა დირექტორებმა საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად გამართვასთან ერთად, მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნონ.
ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოსწავლეთა კოვიდინფექციისგან დასაცავად კონკრეტული რეკომენდაციები არ გაუწერიათ. მშობლები ფიქრობენ, რომ შერეულ სასწავლო სისტემაზე გადასვლა გამოსავალი არ არის. ვერც მოსწავლეების უსაფრთხოება იქნება გარანტირებული და ვერც მათთვის საფუძვლიან განათლების მიღება.
განათლების სამინისტროსგან "მთავარს" უნდოდა, რომ გაეგო, რა აზრი აქვს შერეულ სწავლებას, მაშინ, როდესაც მოსწავლეებს სკოლაში სიარული სამი დღე მაინც მოუწევთ, როგორ დაიცავენ მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობას სკოლებში და რატომ არ გადადიან სტანდარტული რეჟიმის სწავლებაზე, მაშინ, როდესაც ასეთი რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელამდე, "იუნისეფის" ქართული ოფისის ხელმძღვანელმა გასცა.
რატომ მოიხსნა ჩხენკელის უწყებამ პასუხისმგებლობა და სრულად დირექტორებს დააკისრა, სამინისტროში "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხეს. ასევე უცნობია, შეძლებენ თუ არა მოსწავლეები კოვიდპანდემიის დროს განაცდური სასწავლო საათების ანაზღაურებასა და შერეული სისტემის დანერგვის პირობებში სრულფასოვან სწავლას.