„არა ონის კასკადს“ - ამ ლოზუნგით ონის ცენტრში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს. აქციის მონაწილეები რაჭაში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ადგილობრივების განცხადებით, გიგანტური ჰესის აშენების შემთხვევაში გვირაბში მდინარე რიონის კალაპოტი მოექცევა, რაც მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. მილის დაზიანების შემთხვევაში კი, რეგიონი წყლით დაიფარება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კლდისა და მთების მასივი ამ რეგიონში მყარი არ არის და მცირე სტიქიის შემთხვევაშიც კი რაჭა უმძიმესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება
მათივე თქმით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ოთხ სოფელში მცხოვრები 300-მდე ოჯახი შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს.
იმ ზიანის ფონზე, რასაც გამოიწვევს ეს ჰიდროელექტროსადგური, რა სარგებელს მოგვცემს, ის შეფასებული და გაანალიზებული არ არი და ეს არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა - ამბობს აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი დავით ჭიპაშვილი.
გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გიგანტური ჰესი ეკონომიკური თვალსაზრისითაც უარყოფითად იმოქმედებს რაჭაზე, რადგან რეგიონს ტურისტულ პოტენციალს სრულად მოუსპობს.
წაგვლეკავს, არ არის გამორიცხული სოფლები დამარხოს. წყლები თუ დაგვიშრა და სათანადო პირობები არ იქნება სოფელში, რაღა გვინდა აქ? - ამბობს ადგილობრივი.
აქცია რაჭაში 4 საათზე უნდა დაიწყოს.