საქართველოში, რაბათის ციხეში ჩამოსულ ტურისტებს "ფორტ ბოიარდის" მსგავს თამაშს, "ფორტ რაბათს" სთავაზობენ. თამაში რუსების კომპანიის "Qvevri Event" დაფუძნებულია და რუსულენოვან მოსახლეობაზეა გათვლილი.
რუსული კომპანიების თანამშრომლებისა და ტურისტებისთვის საქართველოში "სათამაშოდ" რამდენიმე ტური აქვს დაგეგმილი. მათ შორის, "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, რომ ერთ-ერთი თამაში აგვისტოს ომის წლისთავზე, 7 აგვისტოსაა ჩანიშნული და თამაშის მიმდინარეობისას რაბათი ციხე ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.
"ფორტ რაბათის" Instagram-გვერდი რუსულია. ისინი პოსტებს, აღწერებსა და ვიდეოებს რუსულ ენაზე წერენ.
გარდა თამაშისა, საქართველოში ჩამოსულ რუსებს ისინი სთავაზობენ აეროპორტიდან ტრანსფერს, მიყვანას რაბათში და ვახშამს ქართული კერძებით.
სტუმრების მოსაზიდად ისინი ქართულ ტრადიციებს იყენებენ და წერენ ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, ღვინოსა და კერძებზე. რუსებს ისინი სთავაზობენ არჩევანს, რომელი ქართული კერძი გასინჯონ გასაცნობ ვახშამზე.
საკონტაქტოდ მათ Whatsapp-ის ჯგუფი აქვთ მითითებული, ნომერი ქართულია, თუმცა თამაშში მონაწილეობის მსურველთათვის აღწერა რუსულ ენაზეა გაკეთებული. ჩვენ ვცადეთ მათთან დაკავშირება, თუმცა არც შეტყობინებებზე და არც სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს.
ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით "დაინტერესება იყო".
"ჰქონდათ რაღაც დაინტერესება, თორემ არც ხელშეკრულებაა დადებული, არაფერი. არ მაქვს ინფორმაცია რას აანონსებენ. არანაირი ღონისძიება იქ არ ყოფილა", - თქვა ახალციხის მერმა.
რაბათის ციხეში რუსების მიერ დაგეგმილ თამაშებს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ ღონისძიების დაგეგმვა აგვისტოს ომი წლისთავზე მიზანმიმართულად მოხდა.
"რაბათის ციხეზე "ფორტ ბოიარდის" რუსული ანალოგის ჩატარებას აპირებენ, რაც ალბათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული. ეს პროექტი ერთხელ უკვე გაიმართა, რასაც უარყოფენ აქ. დაგეგმილია 7 აგვისტოს, რაც არის სიმბოლური თარიღი რადგან ზუსტად ამ დღეს დაიწყო ბრძოლა საქართველო-რუსეთს შორის და ზუსტად ვიცი, რომ რუსული ჰიბრიდული ომის პირობებში არ არსებობს ასეთი დამთხვევები. ეს ყველაფერი გამიზნული იყო საქართველოს დასამცირებლად, ამიტომ ტარდება 7 აგვისტოს ეს ყველაფერი", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ლუკა მაზმიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლი 30 783 ადამიანი იყო. მაჩვენებელი 340 პროცენტითაა გაზრდილი.