რუსულ ოკუპაციას გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ რჩებიან - საქართველოს ხელისუფლება პუტინის ომის დევნილებს აღარ დაეხმარება.
დედაქალაქის მერია უარს ამბობს, ქვეყანაში ჩამოსული უკრაინელები საცხოვრებლით უზრუნველყოს.
გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და დღეიდან ლტოლვილების გამოსახლებაც დაიწყო.
ერთადერთი დახმარება, რომელსაც ხელისუფლება გასცემს ოჯახზე 300 ლარი იქნება. ერთ ადამიანს კი დამატებით 45 ლარი დაერიცხება.
მეგობრები ვნახე. შემომთავაზეს, 2-3 დღე ღამის გათევა. მერე არ ვიცი რა იქნება, ალბათ ბავშვებთან ერთად ოდესაში, რაკეტების წვიმაში დაბრუნება მომიწევს. 300 ლარზე ცხოვრება წარმოუდგენელია. თბილისში ისეთი ფასებია, წარმოუდგენელია ამ თანხით იცხოვრო. სხვა გზა არ არის, უნდა დავბრუნდეთ უკრაინაში, ვიბრძოლოთ და გავყაროთ მტერი, სხვა გზა არ არის, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი.
კიდევ ერთი დევნილის თქმით, ის მარიუპოლიდანაა და წასასვლელი არსად აქვს.
5 აპრილს ჩამოვედით. ვცხოვრობდით სხვა სასტუმროში, ახლა გვითხრეს რომ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა და სახლის ქირაობაზე დავიწყეთ ზრუნვა. მერია დაგვპირდა, რომ ოჯახზე 300 ლარს გადაგვიხდიან. მე მარიუპოლიდან ვარ, მოგეხსენებათ, ქალაქიც აღარ არსებობს და ჩვენ წასასვლელიც არსად გვაქვს, - თქვა მან.
"საქართველოდან წასვლას არ ვაპირებ იმიტომ რომ წასასვლელიც არსად მაქვს", - ამის შესხებ საუბრობს კიდევ ერთი უკრაინელი დევნილი.
25 თებერვალს ჩამოვედი, ახლა ვიწყებთ საცხოვრებლის ძიებას. მოხალისეებიც გვეხმარებიან. 300-ლარიან დახმარებაზე ანკეტა შევავსე, თუმცა 300 ლარად საცხოვრებლის პოვნა შეუძლებელია. იცით, რომ ეს თანხა დღეს არაფერია. საქართველოდან წასვლას არ ვაპირებ იმიტომ რომ წასასვლელიც არსად მაქვს, - ამბობს უკრაინელი დევნილი.