საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სოფელ თაგილონიდან ზუგდიდში სიგარეტის გადატანას ცდილობდნენ, მდინარეში ჩაცვივდნენ. უკვე ნაპოვნია ორი ქალის ცხედარი, ორს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალბატონები კონტრაბანდული საქონლის გადმოსატანად გაუქმებული ტურბინის კედელს იყენებდნენ, რომლის ქვეშაც რიონი გადის, ეს არის ადგილი, სადაც მდინარე შედარებით ღრმაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას დაუცდათ ფეხი ქალბატონებს და წყალში გადავარდნენ. იმის გამო, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის, ცხედრების საძიებო სამაშველო სამუშაოებს ქართული მხარე ვერ ახორციელებს.
ერთ-ერთი გარდაცვლილის, 60 წლის ქალის მეზობლები ადასტურებენ, რომ იგი კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობისას დაიხრჩო.
აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობა გახშირებულია. ოპოზიციის განცხადებით, კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობისგან გარკვეულ სარგებელს, მთავრობის ადგილობრივი წევრებიც იღებენ, მოსახლეობა კი ამ საქმიანობას მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მისდევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.