სახალხო დამცველის ცნობით, 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელეს. ომბუდსმენის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.
კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს:
"კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა"
ომბუდსმენის აღნიშნავს, რომ უფასო სასადილოები, როგორც წესი განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება.
"მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს - 15 კმ-ის"
შემოწმებით დადგინდა, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები.
"შესაბამისად, მომლოდინე პირებს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან პირი გარდაცვალების, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება"
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტებს - ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა სივრცის შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც აბრკოლებს ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას.
"პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მხრიდან სერვისით მოსარგებლეთა სეგრერირებული სტატისტიკის წარმოება შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. არ მუშავდება ინფორმაცია სერვისის მომხმარებელი მოქალაქეების სპეციალურ კვებით მოთხოვნილებებზე (მათ შორის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა, ბავშვთა, ორსულთა, გერიატრიულ კვებით საჭიროებებზე)", - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის თქმით, იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები.
ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. საჭიროების შესაბამისად საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები.