"არცერთი ნებართვა გაცემული არ არის... ნებისმიერმა პიროვნებამ შეიძლება თავის საკუთრებამდე გზა მიიყვანოს" - ასე ეხმაურება კასპის მერი საოკუპაციო ხაზიდან სამ კილომეტრში დაგეგმილ გასაიდუმლოებულ მშენებლობას.
კასპის მერი ამბობს, რომ მერიაში ოფიციალურად არაფერია შესული, შესაბამისად, არ იცის, რა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე.
მე შეიძლება რაღაცა სურათი ვიღაცამ დახატოს და დადოს თავის Facebook-გვერდზე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ... არასწორად იყო [სამშენებლო მოედანზე ბანერი] არცერთ მშენებლობაზე ნებართვა არ არის გაცემული, არცერთ სახლზე. ნებისმიერმა პიროვნებამ შეიძლება თავის საკუთრებამდე გზა მიიყვანოს. როგორ გავიგო მე, თქვენ რომ კერძო მესაკუთრე ხართ და რაღაცა სახლს აშენებთ, თქვენ უკან ვინ დგას... ოფიციალურად არაფერი არ არის შემოსული კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, - ამბობს კასპის მერი.
ქვემოჭალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები მსვლელობას გეგმავენ იმ სამშენებლო მოედნის მიმართულებით, სადაც 11 ჰექტარ ფართობზე 121 კოტეჯი უნდა განთავსდეს, რომლის მშენებლობაც საიდუმლოდ მიმდინარეობს. აქციას მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებიც უერთდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობის უკან რუსი სანქცირებული ბიზნესმენი მიხეილ ფრიდმანი დგას.