"ვერთიანდებით უკრაინელი მეგობრებისთვის" | არასამთავრობოების, ხელოვანების, აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინიციატივა

გამოქვეყნდა:

"ვერთიანდებით უკრაინელი მეგობრებისთვის!" - არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ომს გამოქცეულების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდიან.

1-ლი აგვისტოდან მათი სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსება სახელმწიფომ შეწყვიტა და დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. ასეთი ადამიანების აღრიცხვა უკვე დაიწყო ფონდმა "ღია საზოგადოებამ" და უკვე გახსნილია შესაბამისი ანგარიშიც, სადაც ყველას შეუძლია, ნებისმიერი თანხა ჩარიცხოს.

"მართლაც ჩვენი ომია, როგორც ამას ძალიან ბევრი ქართველი თვლის. ჩვენ ალბათ ყველაზე კარგად გვესმის უკრაინელების, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ომი, იმიტომ, რომ უკვე რამდენჯერმე გამოვიარეთ და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა არის რუსული აგრესია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ ამ უკრაინელებს და მივცეთ დროებითი თავშესაფარი. ძალიან მძიმეა იმის ნახვა, რომ ქალები და ბავშვები რჩებიან ღია ცის ქვეშ", - ამბობს "ღია საზოგადოების ფონდის" დირექტორი, ქეთი ხუციშვილი. 

მოქალაქეებს ასევე მიმართა მომღერალმა ნინო ქათამაძემ:

"ისინი ცხოვრობენ ტერიტორიებზე, საიდანაც პრინციპში დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ან ოკუპირებულია ამ ეტაპზე ტერიტორია, ან კიდევ გეოგრაფიულად ვერ ხდება იქ დაბრუნება, რადგან ეს უნდა მოხდეს რუსეთი გავლით, რაც შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, სადაც აქამდე შევძელით გაერთიანება ამ უდიდესი ტკივილის წინაშე, ახლაც შევძლებთ", - თქვა მან. 

უკრაინიდან დევნილმა დიმიტრი კულიკამ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ საქართველოში ლტოლვილების ურთულესი კატეგორია მოხვდა, მათ შორის მარიუპოლიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიიდან.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მოხალისეს, აქტივისტს და საქართველოს რიგით მოქალაქეს. ამ უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს ყველა უკრაინელი, რომელიც დღეს საქართველოშია. მოხდა ისე, რომ საქართველოში ლტოლვილთა ურთულესი კატეგორია მოხვდა. ესენი არიან ლტოლვილები მარიუპოლიდან, ხერსონიდან, თითქმის მთელი ზაპოროჟიიდან. ამ უკრაინელებს, რომელთა სახლები და ცხოვრება დანგრეულია, დასაბრუნებელი არსად აქვთ. უკრაინიდან ლტოლვილთა დაახლოებით 77%-ს თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს ადამიანები საქართველოში ინტეგრაციას ცდილობენ", - თქვა დიმიტრი კულიკამ.

ფონდი "ღია საზოგადოება" ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს. ჩარიცხული თანხები უკრაინის მოქალაქეების დაბინავებას მოხმარდება:

  • GEL: #GE51TB7324636080100018
  • USD: #GE63TB7324636180100012
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი