უკრაინის მხარდაჭერის გამო, ოკუპანტები "დედაენის ბარზე" კიბერშეტევას ახორციელებენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე "დედაენის ბარს" რუსები ინტერნეტში უტევენ. რუსები აგრესიულ კომენტარებს წერენ ბარის როგორც Facebook-ის, ისე Instagram-ის გვერდებზე. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბარის Facebook-გვერდზე 2 აგვისტოს გავრცელდა. მაშინ ბარი წერდა, რომ რუსებს წყინთ, რომ ბარი "ფიანდაზებით არ ხვდება" და 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას". 

"რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით. მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას. და ბოლოს, F**ქ russia", - წერდა "დედაენის ბარი". 

უკვე დღეს კი ბარის დამფუძნებელმა დათა გურჯიევმა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც მან Facebook-ზე დაწერა, „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა მიმდინარეობს და ბარს სოციალური მედიის მართვაში გარკვეული ადამიანების დახმარება სჭირდება. 

რუსებმა, კოორდინირებული ინტერნეტშეტევითა და უარყოფითი შეფასებებით ბარის რეიტინგი Google-ზე 2,4-მდე ჩამოიყვანეს. ბარს დროებით სახელიც შეეცვალა და "დენაციფიკაცია" დაერვა, ოფიციალურ ვებგვერდად კი კრემლის მისამართი მიუთითეს. 

ბარის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რუსების უკმაყოფილემა მათ მიერ დაწესებულმა "სავიზო რეჟიმმა" გამოიწვია. დაწესებულებაში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეები სწორედ მათ ვებვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და შემდეგ პუნქტებს დაეთანხმონ:

  • მე ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ასევე სხვა სადავო ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს რეგიონებია;
  • საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული;
  • ყოველი მე-12 ქართველი რუსული აგრესიის გამო ლტოლვილად იქცა;
  • მომწონს ფრაზა „რუსსკი ვოენნი კარაბლ, იდი ნა „ხუი“;
  • დიდება უკრაინას.

აქვე, აღნიშნულია, რომ "დედაენის ბარი" მეგობრული და ტოლერანტული ადგილია, მათი "სავიზო რეჟიმი" კი დელიკატურმა პოლიტიკურმა ვითარებამ და ზოგიერთმა "ცუდმა" რუსმა გამოიწვია, რომლებიც ბარსი "ცუდად მოიქცნენ".

"დედაენის ბარის" ვებგვერდზე რუსებისთვის ბარში ქცევის წესებიცაა გამოქვეყნებული:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ უცხო ქვეყანაში იმყოფებით. მოიქეცით შესაბამისად;
  • გთხოვთ, გამოიყენეთ ქართული ან ინგლისური ენა ბარის თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის;
  • ნუ დაასკვნით, რომ ხალხი საუბრობს რუსულად. ჯერ იკითხეთ;
  • ძალიან გაგვიხარდება, თუ ისწავლით ისეთ მაგიურ ქართულ სიტყვებს, როგორებიცაა „გამარჯობა“, „მადლობა“ და „ორი ლუდი თუ შეიძლება“;
  • ნუ შემოგვთავაზებთ რუბლით გადახდას;
  • დატოვეთ ეს გრაფა ცარიელი იმისთვის, რომ მოიპოვოთ "ვიზა";
  • ნუ შეხვალთ პოლიტიკურ დისკუსიაში სიმთვრალის დროს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი