ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში უკვე ერთი საათია ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს - დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს. აბიტურიენტები ვალდებულები არიან, გამოცდაზე პირბადით გამოცხადდნენ, თუმცა შენობაში შესვლის შემდეგ მათ პირბადის მოხსნის უფლება აქვთ. ყველა მათგანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. სექტორში მერხებს შორის დაშორება კი ორი მეტრი იქნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 25 ივლისს დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით სულ 40 ათას აბიტურიენტს აქვს რეგისტრაცია გავლილი.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში, გამოცდების პროცესს დილიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე აკვირდება.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან აბიტურიენტებთან დაკავშირებით გამოცდების ჩაბარების ალტერნატიული წესი იქნება შემუშავებული.