უცხოელი ექსპერტები მესამე ოპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევაში ჩასართავად ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვას ელოდებიან.
პარალელურად კი დამძიმდა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. დიაგნოზების დადგენასა და და რეკომენდაციებზე მუშაობენ ალტერნატიული კონსილიუმის წევრები.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასაწერად ემპათიას ხელმძღვანელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კლინიკებში გადაყვანის კადრებს გაეცნო. მასალა ასახავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში და შემდეგ გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში.
ცენტრმა ემპათიამ კადრების გადაცემა მოითხოვა, თუმცა სპეციალური ინსპექტირების სამსახურმა ექსპერტები ადგილზე დაიბარა და ამ ფორმით გააცნო. "ემპათიას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს სრული კანონდარღვევაა, რადგან მათ უფლება ჰქონდათ კადრები წაეღოთ სპეცინსპექტირების სამსახურიდან.
"ანამნეზში ჩვენ გვაქვს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ საგამოძიებო უწყებიდან ვიდეომასალა. მიხეილ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებიდან 18 დაწესებულებაში გაყვანის სრულად შევისწავლოთ და ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ძალადობრივი ინციდენტი, განხორციელებული 27 დეკემბერს. გარდა ამისა, ვითხოვთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან წვდომას, ეს ექსპერტიზები არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და გვაინტერესებს რა არის ჩატარებული და რა შედეგებია ასახული",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
გარდა ამისა, დასკვნასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ ექსპერტები ჩაწერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ფასდება როგორც მესამე სტადია, რაც სიკვდილის წინა მდგომარეობაა.
"თითქმის 1 თვეა არ მოგვინახულებია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ მედიის საშუალებითა და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით ვიცით. რაც შეეხება ბოლო ნახვასა და ჩვენს პირველ ნახვას შორის, არის დრამატული სხვაობა. ის იყო ადამიანი, რომელსაც უჭირდა სიარული, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორც დღეს გვეუბნებიან. ამიტომ, ამ დღეებში, ალბათ, ჩვენ მოვინახულებთ მას, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს. სიმძიმის კატეგორია შემიძლია, გაგიმხილოთ, ეს არის მე-3 სიმძიმის დაავადება, ხარისხის დაავადება, მესამე ეს არის ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია",- ამბობს ოთარ თოიძე.
დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა გიული ალასანია. მან შვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი და ოჯახი ახლა უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლასა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხებს ელოდებიან.
"სიცხე აქვს ახლაც, ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს, რაღაც ანთებითი პროცესია. ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ. სუსტად არის, გამხდარია, იკლებს წონაში. მე რომ მივედი მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე. ერთადერთი მე რომ მივედი ჩვენი საუბარი არის ექიმებზე, რომ ექიმები ინდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, ყველაზე აქტუალური ეს არის ჩვენთვის.",- ამბობს გიული ალასანია.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ელოდებიან ექიმებს: "ფსიქიატრი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, ამერიკიდან, ერთი კიდევ დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. როგორც კი ნებართვას მივიღებთ ჯანდაცვის სამინისტროდან. ჩათვალეთ მეორე დღეს გამოფრინდებიან.