8 წლის ბავშვის ბურუსით მოცული გარდაცვალების ამბავი და კიდევ ერთი საქმე, რომლის ობიექტური გამოძიების იმედიც ოჯახს არ აქვს. გიორგი ყანდაშვილი 17 ივნისს გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს სანიაღვრე არხში ნახეს. შემთხვევა წნორში მოხდა.
პოლიცია ოჯახს დღემდე არწმუნებს, რომ 8 წლის ბავშვი არხში ჩავარდა და დაიხჩო. გამოძიების ვერსიას კი თავდაყირა აყენებს საქმეში არსებული არაერთი გარემოება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 8 წლის გიორგი ყანდაშვილს წნორის პოლიციის უფროსის მეუღლე დაეჯახა, რომელიც საჭეს ნასვამ მდგონარეობაში მართავდა.
"არ მჯერა მე ამათი გამოძიების. არ მუშაობენ სათანადოდ. ყოველდღიურობით გვაჭმევენ ამ ექსპერტიზის პასუხს. დღეს მიკავშირდება პოლიციელი. მეუბნება, რომ არაო, ვერანაირად ვერ მოგვაქვს ეს პასუხებიო. მე ხომ ვნახე ჩემი შვილი როგორი დაზიანებული იყო. მე ხომ ჩემს შვილს ძალიან კარგად ვიცნობდი. რამდენად შეძლებული იყო ჩემი შვილი. საბოლოო პატივი ვინც მიაგო, ანუ, გამოუცვალა და ტანისამოსი ჩააცვა, იმ ადამიანიდან ვიცი, რომ მე როგორც შევხედეო, ბავშვს მოტეხილობებიც ჰქონდაო და ეხლა რა წყალი იყო იქ იმისთანა, რომ 9 წლის ბავშვი ასე დააზიანა.
ეს რომ თავად ბავშვს არ მოუვიდოდა, მაგაში ვერ დამარწმუნებენ, ეს გამორიცხულია და რატომ მოდის ეს საუბრები, რომ არის ნახსენები პოლიციელის მეუღლე. [წნორის პოლიციის უფროსის მეუღლე]. რატომ ლაპარაკობს ახლა, მე ვიძახდი რომ მე კონკრეტულად თითს არ ვადებ არც იმ ადამიანს და არავის, უბრალოდ ხალხის საუბრებიდან ვლაპარაკობ მეც, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა.
"ხალხი ამბობს, პოლიციელის ცოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და დაეჯახაო" - ამის შესახებ კი ბავშვის დედა საუბრობს.
მე ეჭვი მაქვს, რომ დარტყმით მოუვიდა ჩემს შვილს ასეთი დაზიანებები. არანაირი თავისით არ მოუვიდა ეგ რაღაც, ჩავარდა და წყალმა წაიღო და ეგეთი რაღაცა მე არა მჯერა. მაგას იძახის ხალხი, რომ პოლიციელის ცოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და მაგას მოუვიდა ეგ შემთხვევა, - ამბობს ბავშვის დედა.
პოლიციაში კი ამ საკითხზე არ საუბრობენ.