ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალაგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში იმერეთის მეხანძრე-მაშველები, მყვინთავები და სპეცტექნიკაა ჩართული. ძებნის ოპერაციაში სპეციალისტები დრონსა და ექო ლოტსაც იყენებენ, რომლითაც ფსკერის სკანირება ხდება.
იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძებრო ღონისძიებების საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მათ კარავი გაშალეს, სადაც 24 საათის განმავლობაში იქნებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებს განახორციელებენ.
ამ ეტაპზე დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრებს სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ სურთ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ და დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მამაკაცი მდინარეში არ შევიდოდა, რადგან მას წყლის ფობია ჰქონდა.