წილოსანის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი წერეთელზე | რა ხარვეზებია მშენებლობის პროექტში

გამოქვეყნდა:

თბილისში, ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე შესაძლოა, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდეს - საპროექტო წინადადებაზე მშენებლობის ნებართვა ჯერ-ჯერობით გაცემული არ არის, თუმცა დედაქალაქის საკრებულომ ის დასაშვებად მიიჩნია.

პროექტის მიხედვით კომპლექსი 217 188 კვადრატულ მეტრს მოიცავს. დაგეგმილია 50-მდე კორპუსის მშენებლობა, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 117 მეტრი იქნება. პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ, პრობლემა არ შეექმნება, რადგან ცნობილია, რომ მშენებლობის დამკვეთი კომპანიები "ქართული ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანთან მჭიდრო კავშირში არიან.

დამკვეთი სულ სამი კომპანიაა, მათ შორის „ვილსონ გარდენი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც ნინო წილოსანის ოჯახის წევრები არიან, მათ შორის მისი ძმა, ირაკლი წილოსანი. გარდა ამისა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ირაკლი რუხაძე, რომელიც ასევე "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელია. გარდა ამისა, ერთ-ერთი დამკვეთი კომპანია არის შპს US TRADING COMPANY, რომლის 25%-იანი წილის მფლობელიც თავად ნინო წილოსანია.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროექტში ბევრი ხარვეზია. პირველ რიგში ის, რომ არ არის გათვალისწინებული საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანება არის 4 კვ. მეტრი, რაც საერთაშორისოდ დადგენილ ნორმებს ოთხჯერ ჩამორჩება. 

„კახი კალაძის ხელშეწყობით, ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანი და მისი ოჯახი, ასევე ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტი, მისი კარის ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე აპირებენ, თბილისის შუა გულში, 217 ათას კვ. მეტრ მიწაზე ააშენონ კორპუსები, რაც იქნება ურბანული კატასტროფა. ფაქტობრივად, ნახალოვკის, ჩუღურეთის, დიდუბისა და სანზონის მაცხოვრებლებისთვის იქნება 24-საათიანი საცობები ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში“, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე.

ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ პროექტი კორუფციის რისკებს შეიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი