რუსთაველებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის დასრულების მოთხივნით საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, გზა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ აშენებულა. პროექტი შეჩერებულია და წელიწად-ნახევარია, რაც სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.
ადგილობრივები ითხოვენ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს მშენებლობა, ვინაიდან პიკის საათებში ხშირია საცობები და ავტოსაგზაო შემთხვევები. ამასთანავე, აღნიშნული მონაკვეთი სატრანზიტო გზას წარმოადგენს და ავტობანის მშენებლობა საქართველოს ეკონოკისთვისაც მნიშვნელოვანია.
ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და აცხადებს, რომ პროექტი წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა, "ქართულმა ოცნებამ" კი ის რატომღაც შეაჩერა.
არც ერთ მინისტრს და არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ ადარდებს რუსთაველების ბედი და არ გამოუჩენიათ ინტერესი, რომ ეს გზა დასრულებულიყო. უსაქმურობა უნდა დამთავრდეს, "ქოცობა" უნდა დამთავრდეს - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი აღნიშნა, რომ თბილისი-რუსთავის გზით საერთაშორისო სატრანზიტო პარტნიორებიც სარგებლობენ და მათაც პრობლემები ექმნებათ.
ამ გზით სარგებლობენ აზერბაიჯანი, ირანი, შუა აზია... ამ გზის არ გაკეთება ნიშნავს, რომ იზოლირებული ვართ საერთაშორისო დონეზე, - განმარტა მან.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს, პირად სატელეფონო საუბრებში კი აღნიშნეს, რომ ადგილობრივებთან შეთანხმება ვერ შედგა, რასაც პროექტის შეჩერება მოჰყვა.