ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. დღეს დუმილი ერთ-ერთმა მათგანმა დაარღვია და თქვა, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უნივერსიტეტის უკვე ყოფილი თანამშრომელი "მთავარ არხთან" ყვება, რომ ადგილზე დამლაგებლებს რამდენიმე ადამიანის საქმის გაკეთება უხდებათ, ამუშავებენ შაბათ-კვირასაც, თუმცა ზეგანაკვეთურ საათებს არ უნაზღაურებენ. ასევე, ყველას, ვინც სამუშაო პირობებს აპროტესტებს, ჯერ ბოდიშის წერილებს იძულებით აწერინებენ, შემდეგ კი სამსახურიდან უშვებენ.
შორენა ჩიხლაძე სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
"ერთი ქალი აკეთებს სამი ქალის საქმეს. ვმუშაობთ შაბათ-კვირასაც, რაც არ გვინაზღაურდება. ვმუშაობთ როცა დაჭირდება 12 საათი. თანამშრომლები პროტესტის ნიშნად შევედით დავით დვალთან, კომენდანტთან პროტესტით, რის გამოც, დავით ბეშკენაძემ ორი გოგო გაათავისუფლა სამსახურიდან, დანარჩენ 4-ს დაგვაწერინა მოხსენებითი ბარათი. დავით ბეშკენაძესთან მომიხდა უსიამოვნება ისევ, მითხრა, რომ ჩემი არის ეს სახლიო, უნივერსიტეტი იგულისხმა და როგორც უნდა ისე იქნება", - ამბობს შორენა ჩიხლაძე.
მან დახმარებისთვის შრომის ინსპექციას მიმართა. გარდა ამისა, აპირებს, რომ დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც სთხოვოს.