ხელისუფლებამ კარგად იცის ქართველი მძღოლების გასაჭირი. შესაბამისად, არც დაპირებები ეშლებათ. ბოლო წლებში, ყოველი არჩევნების წინ, მმართველი გუნდის ლიდერები მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობაზე საუბრობენ.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა განცხადება 2018 წლის აპრილში გააკეთა. მერიამ ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა კვლევაში, რომელმაც განსაზღვრა, სად მოაწყობდა კახი კალაძე მანქანების გასაჩერებელ სივრცეებს. თუმცა, ორი წლის თავზე, 10 ლოკაციაზე მოსაწყობი ავტოსადგომის სანაცვლოდ დახარჯული ნახევარი მილიონი და ცარიელი სივრცეები დაგვრჩა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიამ პარკირებაზე აუქციონი უნდა გამოაცხადოს თბილისელების ინტერესების დაცვით, რათა პარკირება არ გაძვირდეს. სწორედ ამიტომ, ავტოსადგომი კერძო სექტრომა უნდა გააკეთოს.
თბილისის მერიის ოფიცილურ საიტზე ნახევარმილიონიანი კვლევის შედეგები ისევ იძებნება. როგორც აღმნკჩნდა, მიწისქვეშა ავტოსადგომის განვითარების პროექტით თბილისში მინიმუმ სამ ლოკაციაზე გასაშენებელი ავტოსადგომის მოწყობა ჯერ კიდევ 2018 წელს იყო.
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი უნდა განხორციელებულიყო. გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ, 10 მილიონ ლარზე მეტი, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ კი - 20 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო ავტოსადგომის მოსაწყობად.
ჰაერშია პუშკინის სკევრის მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელი მიწისქვეშა ავტოსადგომის პროექტიც, რომლითაც თბილისელები, წესით, უკვე 2 წელია უნდა სარგებლობდნენ. არადა, ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდს ეს ტერიტორია ერთ ლარად იმის გამო გადაეცა, რომ ადგილზე პარკინგი მოეწყოთ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შპს "თბილისი სითი" მზად არის, ტერიტორიის მიწისქვეშ მოაწყოს არანაკლებ 30 ავტოსადგომი და ამისთვის, განახორციელოს 1 მილიონი ლარის ინვესტიცია შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
ხელშეკრულების დადებიდან 12 თვეც გავიდა და დამატებით ორი წელიც, ოპოზიცია კი მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ტერიტორია კანონდარღვევით მიისაკუთრა.
2018 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მერია ბიზნესს ერთ ლარად სთავაზობდა თბილისის სამ ადგილზე საპარკინგე ტერიტორიას, ინტერესი არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა. მერიის მიერ დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ასე აღმოჩნდა ჰაერში, თბილისელები კი საპარკინგე ადგილების გარეშე.