გასულ წელთან შედარებით, თბილისში ბინის ქირა თითქმის 70%-ით არის გაზრდილი

გამოქვეყნდა:

თბილისში ბინის დაქირავების საფასური გაიზარდა. 2022 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასი თითქმის 70%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშით, რომელიც "თიბისი კაპიტალმა“ მოამზადა, ირკვევა, რომ ფასები უბნების მიხედვითაა მომატებული. ფასების ზრდის ტენდენციით პირველ ადგილზეა ჩუღურეთია, შემდეგ დიდი დიღომი და კრწანისი.

ვითარება ამ კუთხით მას შემდეგ შეიცვალა, რას საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის ქაოტური მიგრაცია დაიწყო.

"პროგნოზს გადააჭარბა რეალობამ ვინაიდან ბინის ფასი ხშირ შემთხვევაში 70-80%-ით არის გაძვირებული როგორც საიჯარო, ისე შესაძენი ღირებულება. ეს გამოიწვია პირველ რიგში ტურისტულმა პერიოდმა, შემდგომ ეს არის აგრესიული მოთხოვნა საქართველოში უძრავ ქონებაზე, საუბარი მაქვს მოქალაქეებზე რუსეთიდან, ბელარუსიდან, ვინაიდან ეს ადამიანები აქტიურად ცდილობენ, საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება", - ამბობს ეკონომისტი, ოთარ აბესაძე.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე მთავრობის მიერ ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის არასწორად წარმართვაზე მიუთითებს.

"ნებისმიერი სახის დისბალანსი ეკონომიკაში არის პრობლემა. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი ინფლაცია სხვადასხვა პროდუქციაზე, სერვისზე. იზრდება ყოველდღიურად ფასები და ამავდროულად, იზრდება საიჯარო ფასებიც. ეს ერთი მხრივ შეიძლება კარგი იყოს მეიჯარეებისთვის, სამშენებლო კომპანიებისთვის, თუმცა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის უდიდესი პრობლემა. ეს დისბალანსი გამოიწვია საქართველოს მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა და საგარეო პოლიტიკამ. იმის, რომ რუსული საზოგადოებისთვის საქართველო გახდა ერთგვარი ნავსაყუდელი", - ამბობს ვასო ურუშაძე.

ცნობისთვის, თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ბინები რეკორდულად გაძვირდა. ფასები ბათუმშიც მომატებულია. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ წლის მეორე ნახევარში ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი