ზეწოლა, მუქარა, დაშინება, თვალთვალი - ყოფილი ძალოვანი, 13 წლიანი სტაჟის მქონე მაიორი ლევან გოგია, რომელმაც შსს რამდენიმე თვის წინ დატოვა, ამბობს რომ სისტემა ბინძური მეთოდებით ებრძვის საკუთარ თანამშრომლებს, მათ ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. გოგია ერთ-ერთი იყო იმ პოლიციელებს შორის, ვისაც ოცნების ხელისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის ხმების მობილიზება დაავალა. ირკვევა რომ თუ ისინი ოცნების ამ დავალებას არ შეასრულებდნენ, სამსახურიდან გათავისუფლებით, ან ჩამოქვეითებით ემუქრებოდნენ.
ლევან გოგია დღეს პოლონეთში იმყოფება და ცდილობს ოჯახი იქიდან არჩინოს.
დავით ზარანდიამ შსს-ში 13 წელი გაატარა. ყოფილი ძალოვანი დღეს ამბობს რომ სისტემის უსამართლობა საკუთარ თავზე არაერთხელ გამოცადა. ზარანდია წლების განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსანი იყო, რომელიც ახალმა უფროსმა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოაქვეითა და მის ადგილზე ნათესავი დანიშნა. ყოფილი პოლიციელი იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო და ოჯახის სარჩენად აშშ-ში, მექსიკის გავლით წავიდა.
ინფორმაცია შსს-დან კადრების მასობრივი გადინების შესახებ, რამდენიმე თვეა ვრცელდება. დაბალი ანაზღაურების გარდა, სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი ის პოლიტიკური დავალებებია, რომლის შესრულება პოლიციის ზოგიერთი თანამშრომლისთვის მიუღებელია.
სისტემის დატოვებას კიდევ არაერთი პოლიციელი გეგმავს. "რადიო თავისუფლებასთან" ქალი პოლიციელი ყვება რომ ისიც გეგმავს ფორმის გახდას და ქვეყნიდან წასვლას, თუმცა ამბობს რომ, მისთვის ეს დღე განსაკუთრებით მძიმე იქნება.
შსს კი პოლიციელების მონათხრობს სიცრუეს უწოდებს და ვაკანსიას აცხადებს, რომლითაც 145 პოლიციელს ეძებს.