მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები 8 დღეა შიმშილობენ | ოჯახის წევრები ციხესთან საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. მიზეზი არასათანადო სამედიცინო მომსახურება და სატელეფონო საუბრის შეზღუდვაა.

10-მდე პატიმარი უკვე 8-ე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ამ ამბის ტელევიზიით გაშუქების შემდეგ, მსჯავრდადებულებს კიდევ უფრო მკაცრად ექცევიან.  

ოჯახის წევრები დღეს რუსთავში, ციხესთან შეიკრიბნენ, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პატიმრებს უკვე 4 თვეა ეუბნებიან, რომ ექიმი შვებულებაშია და სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებენ.

"ოთხი თვეა აქ იმყოფება ჩემი მეუღლე და ამ დროის მანძილზე ეუბნებიან შვებულებაშია ექიმიო. შიმშილობიდან გამომდინარე ცოტა მძიმედ არის. ერთი სიტყვის ამღების უფლება არ აქვთ, ეგრევე უზღუდავენ მაღაზიას, დარეკვას, ოჯახის წევრების ნახვის უფლებას. ასე დასტრესილ მდგომარეობაში ჰყავთ პატიმრები, ჩემ მეუღლესთან ერთად სხვებიც. იმყოფებიან მარტო საკანში, რაც ყველაზე მეტად მოქმედებს მის ფსიქიკაზე", - ამბობს ნათია ფარჯიანი.

რუსთავის ციხესთან შეკრებილები პატიმრებისთვის ადეკვატური პირობების შექმნას ითხოვენ.

"პატიმარი რომელსაც აქვს ჰეპატიტების მთელი კრებული, b,c, d, მას სჭირდება განსაკუთრებული კვება, განსაკუთრებული პირობები. კი ბატონო, პატიმარია და სახლში არ არის, რომ ყველაფერი ისე ჰქონდეს, როგორც სახლში შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მაგრამ ელემენტარულ პირობებს ითხოვს, რომ ჰქონდეს ექიმთან კომუნიკაციის საშუალება. დემოკრატიული ქვეყანაში ვცხოვრობთ მგონი, 21 საუკუნეში და რაღაც ევროპულ სტანდარტებს რომ ვებღაუჭებით, რაღაც ხომ უნდა იყოს პატიმრისთვისაც", - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის დედა, ლია ტურაშვილი.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სანამ პატიმრების უფლებებს არ აღადგენენ, პროტესტი არ შეწყდება. მათ ჯერჯერობთ ოფიციალური პირები არ გამოხმაურებიათ. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი