EU-ს ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 183%-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი. 2021 წელს ეს რიცხვი 2 855 იყო. ანგარიშში წერია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში თავშესაფრის თაობაზე საქართველოს მოქალაქეების განცხადებები უმეტესად სამმა ქვეყანამ მიიღო: საფრანგეთი (2 725 განაცხადი); გერმანია (2 455 განაცხადი) და იტალია (1 100 განაცხადი). 

გასულ წელსაც საქართველოს მოქალაქეების აპლიკაციები ძირითადი ნაწილი, საფრანგეთზე, გერმანიასა და იტალიაზე მოდიოდა.  

2022 წელს გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ირლანდიასა (420 განაცხადი) და ბელგიაში (315).

ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ირლანდიაში საქართველოს მოქალაქეების განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, ირლანდია მიღებული განაცხადების კუთხით მეოთხე ქვეყანა გახდა. სააგენტო წერს, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებული არაა, რამ გამოიწვია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ასეთი ზრდა. ორგანიზაცია ადგილობრივ გამოცემაზე, The Irish Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხს ქვეყნის ლტოლვილთა საბჭო იკვლევს. 

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში გაიზარდა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, რამაც თბილისში ბინის ქირის ფასების ზრდა გამოიწვია და 2022 წლის მაისში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. საბოლოო ჯამში, ამან კიდევ უფრო იმოქმედა საქართველოში ფასების ზრდაზე.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ივნისში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 13%-მდე გაიზარდა, უმუშევრობის დონემ კი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 19% შეადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი