უკრაინის პრეზიდენტის ფოტოები ნაგვის ურნებზე - ბათუმში "ალტ-ინფოს" თანამოაზრეები ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოებს არასათანადო ადგილებზე აკრავენ.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ პირს ესაუბრა, რომელიც პლაკატებს აკრავდა. ირაკლი ჯანყარაშვილი ამბობს, რომ "დამოუკიდებელი ჟურნალისტია", პლაკატებს კი იმის გამო აკრავს, რომ ზელენსკი "ომის პარტიის" წარმომადგენელია და "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს".
მისივე თქმით, "კამპანიას" ევრაზიის ინსტიტუტი აფინანსებს.
"ზელენსკი არის უკრაინაში ომის პარტიის წარმომადგენელი, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ომი არ აეცილებინა თავისი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შანსი ჰქონდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადების, იგივე ნეიტრალიტეტის სტატუსი, ახლა რასაც ვხედავთ ჩვენ კოლექტიური არესტოვიჩების, არახამიების განცხადებებს, ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ საქართველო ჩაითრიონ საომარ მოქმედებებში... ეს პატარა პერფორმანსი "ზელენსკის ადგილი არის ნაგვის ურნაზე" დაიწყო ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით", - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ჯანყარაშვილი "ალტ-ინფოს" ლიდერის, კოკა მორგოშიას მეგობარი და ამ პარტიის მხარდამჭერია.
"ალტ-ინფოს ბიჭებთან, ლიდერებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს, არავის არ წარმოვადგენ", - თქვა ირაკლი ჯანყარაშვილმა.