საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.
მათივე ცნობით, სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.