შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
უწყება ამბობს, რომ ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.
ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
"ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი", - წერია უწყების განცხადებაში.
შსს ამბობს, რომ ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა. ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა მე-7 დღეა ვერ ხერხდება.