"პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ" | ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექსპერტების შეშვებას კვლავ აჭიანურებს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების შეშვებას კვლავ აჭიანურებს. ცენტრ "ემპათიას" მოწვევით მაღალი რეპუტაციის მქონე გაეროს სასამართლო ექსპერტი თბილისში ორშაბათს უნდა ჩამოვიდეს. განაცხადი მისი ლიცენზიის აღიარების შესახებ ქართველმა სპეციალისტებმა დიდი ხნის წინ წარადგინეს შესაბამის კომისიაში, თუმცა ზურაბ აზარაშვილის უწყება საერთაშორისო ექსპერტისთვის დროებითი ლიცენზია ამ დრომდე არ გაუცია.

"ჯერჯერობით, ცენტრ ემპათიას ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ მიუღია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან ექსპერტების ლიცენზიებთან დაკავშირებით. ჩვენი საერთაშორისო ექსპერტი ორშაბათს იქნება თბილისში და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ნებართვა, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, მოინახულოს ჩვენი პაციენტი", - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სამინისტრო ლიცენზიის გაცემას მიზანმიმართულად აჭიანურებს და ამით პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. 

"სამწუხაროდ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გახლავთ პოლიტიზებული და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას ამ შემთხვევაში, თუკი იგი დააყოვნებს ან არ გასცემს ნებართვას. ევროკავშირის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღიარებულ ორგანიზაციებს, მათ მიერ ლიცენზირებული ექსპერტებს ნამდვილად არ სჭირდება ზედმეტი აღიარება. მათი ლიცენზიების ეჭვქვეშ დაყენების უფლება ჩვენ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, გონს უნდა მოუხმოს ჯანდაცვის სამინისტრომ და არ შეაფერხოს ექსპერტებზე ნებართვების გაცემა", - თქვა კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელმა, ვილი პაჭკორიამ.

შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" უკვე მესამე თვეა რაც მკურნალობს, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. პრეზიდენტის ოჯახი ისევ სამედიცინო დოკუმენტის მოლოდინშია, რომელიც სასჯელის გადავადებისთვის გამშვები მექანიზმი უნდა გახდეს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი