ცენტრი "ემპათია" ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გასცენ პასუხი საერთაშორისო ექსპერტების დროებით ლიცენზიებთან დაკავშირებით. "ემპათიას" მოწვევით მაღალი რეპუტაციის მქონე გაეროს სასამართლო ექსპერტი თბილისში ორშაბათს უნდა ჩამოვიდეს. განაცხადი მისი ლიცენზიის აღიარების შესახებ ქართველმა სპეციალისტებმა დიდი ხნის წინ წარადგინეს შესაბამის კომისიაში, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.
"მინდა მოვუწოდო პირადად კახაბერ შალიკაძეს, პასუხისმგებელ პირს რეგულირების სააგენტოდან, დროულად გასცეს ექსპერტებზე ლიცენზია. 4 ექსპერტზე არის შეტანილი საბუთები დამატებით, ის საბუთიც კი, რომელიც კანონგარეშე მოითხოვა კახაბერ შალიკაძემ. კომუნიკაცია კვლავ ვერ ხდება რეგულირების სააგენტოსთან, ვინაიდან პასუხისმგებელი პირი ტელეფონთან არ მოდის და არ იღებს. საჯარო დაწესებულებაში წარმოუდგენელია კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდეს პასუხისმგებელ პირთან. მოვუწოდებ კახაბერ შალიკაძეს, დაბრუნდეს კანონი ფარგლებში და გაგვცეს წერილობითი პასუხი დღესვე, ვინაიდან ორშაბათს ჩვენი ექსპერტი იქნება კლინიკა ვივამედში", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა, რომელიც "ვივამედში" ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
კლინიკაში იმყოფება ასევე ნევროლოგი ოთარ თოიძე. როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს მორიგი შემოწმება ჩაუტარდება.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ, ლიცენზიები გვქონდეს დროულად. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკვე დაახლოებით სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ. მორიგი შემოწმება იქნება. გარდა ამისა, ველოდებით ექსპერტებს და შესაბამისად ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ უკანასკნელი მონაცემებით. ეს იქნება როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ლაბორატორიული მონაცემები", - თქვა ოთარ თოიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, უწყება საერთაშორისო ექსპერტებს დროებით ლიცენზიას მისცემს.
"ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ ექსპერტის ჩართვა სამკურნალო დიაგნოსტიკურ პროცესში, წყვეტენ ექიმები და არა ადვოკატები, პოლიტიკოსები, მხარდამჭერები. არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა საჭირო ჩართვა, თუკი არსებობს ასეთი საჭიროება, უცხოელ სპეციალისტებზე ლიცენზიის მიცემის პროცედურა გამარტივებულია. ორი რამ უნდა ამას - ერთი, რომ უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის მოქმედი საქმიანობის ლიცენზია და მეორე - მისმა კოლეგა პროფესიულმა ასოციაციამ უნდა წარმოადგინოს წერილი რომ წინააღმდეგი არ არიან. ამის ზედმეტად პოლიტიზება პირველ რიგში პაციენტს ვნებს ჩემი აზრით. მარტივი თემა მარტივად უნდა გადაწყდეს", - თქვა დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტება არ გაკეთებულა. გავრცელებული ინფორმაციით, უწყებამ ცენტრ "ემპათიას" პასუხი დღეს უნდა გასცეს.