სპეციალური პენიტენციური სამსახური 30 მილიონი ლარის ღირებულების კამერებს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი ორი დღის წინ გამოცხადდა და მისი ბოლო ვადა 8 სექტემბერია.
ოპოზიციაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რაში სჭირდება პენიტენციურ სამსახურს დამატებითი კამერები, როდესაც რაც აქვთ იმასაც ვერ იყენებენ და მნიშვნელოვან შემთხვევებში ამბობენ, რომ ციხეში კამერები დაზიანებული ან გამორთული იყო.
"გარდა იმისა, რომ ამ ტენდერში შეიძლება იყოს კორუფციული ელემენტები, რადგან ძალიან მსხვილმასშტაბიანი ტენდერია, გაუგებარია უბრალოდ რაში სჭირდება პენიტენციურ სამსახურს ასეთი რაოდენობის და ამდენი თანხის სათვალთვალო კამერები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში რომ მოხდება ხოლმე დანაშაული და ამაში ფიგურირებენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, ეს ვიდეო კამერები ან გაფუჭებული აღმოჩნდება, ან ჩართული არ არის ხოლმე. სამწუხარო ის არის, რომ ამ სიღარიბით სავსე ქვეყანაში დამატებით ჩვენ უნდა გადავიხადოთ 30 მილიონი ლარი", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ.